ერთი ქრისტიანი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც წარმართი ქმარი ჰყავდა. ძალიან ღარიბები იყვნენ, მთელი მათი ქონება 50 ვერცხლს არ აღემატებოდა. ქმარმა უთხრა ცოლს:
მოდი, ჩვენი ფული საქმეში ჩავდოთ, თორემ ისე დაგვეხარჯება, ვერც კი გავიგებთ.
ცოლმა მიუგო:
-თანახმა ვარ, ოღონდ ეს ფული ქრისტიანთა ღმერთს მიეცი.
-სად არის იგი? – იკითხა ქმარმა.
-თავის დროზე შენ გაიცნობ მას, ხოლო ფულის დარდი არ გქონდეს, იგი აღმატებულად დაგიბრუნებს თანხას.
ქმარი დათანხმდა და კეთილმორწმუნე ქალმა იგი ეკლესიაში წაიყვანა. ტაძართან მათ გლახაკები დახვდნენ. ცოლმა უთხრა:
-აი, ამ ადამიანების საშუალებით გადაეცი ღმერთს ფული, ისინი სწორედ ამისთვის არიან წარმოგზავნილიო.
ქმარმა გლახაკებს ვერცხლის ფული დაურიგა და გახარებულმა შინისაკენ გასწია.
სამი თვის შემდეგ მეუღლეები გასაჭირში ჩავარდნენ. ქმარმა მიმართა ცოლს: დროა, შენს ღმერთს ფული გამოვთხოვოთო.
ცოლმა მიუგო:
-წადი და სადაც დაარიგე, იქიდანვე აიღე, წადი ეკლესიაში. ქმარი მართლაც მივიდა ტაძარში და იქ გლახაკების გარდა ვერავინ დაინახა. დადიოდა და ფიქრობდა, ვისთვის ეთხოვა ფულის დაბრუნება. ამ ფიქრში მან უცებ ვერცხლის მონეტა დაინახა და აიღო. დაღონებული სახლში დაბრუნდა და ცოლს შესჩივლა:
-ტაძარში ქრისტიანების ღმერთი არ მინახავს, ხოლო იმ ადგილზე, სადაც ფული დავკარგე, აი, ეს მონეტა ვიპოვე.
ცოლმა უთხრა:
-ეს ვერცხლის მონეტა სწორედ ქრისტიანების ღმერთმა მოგცა. წადი, ამ თანხით დღეისათვის სარჩო შეიძინე, ხვალ კი უფალი კიდევ იზრუნებს ჩვენზე.
ქმარმა შეიძინა პური, ღვინო და თევზი. ცოლმა კერძის დამზადება დაიწყო. როდესაც იგი თევზს წმენდდა, მასში ლამაზი თვალი იპოვა და ქმარს აჩვენა. ქმარმა ეს თვალი ვაჭართან წაიღო. ვაჭარმა თვალს დახედა და 5 ვერცხლი შესთავაზა. კაცს გაეცინა, ეგონა, ვაჭარი ხუმრობსო. ვაჭარმა იფიქრა, ეცოტავაო და მაშინვე 10 ვერცხლი შესთავაზა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს თვალი ძვირფასი იყო. კაცი დუმდა, ვაჭარი კი ფასს უწევდა. კაცი მიხვდა, რომ მისი მიტანილი ქვა ძვირფასი იყო და ახლა მან დაიწყო ფასის აწევა. ბოლოს ისინი 300 ვერცხლზე შეთანხმდნენ. ქმარი გახარებული დაბრუნდა შინ და ცოლს მოტანილი თანხა აჩვენა. ცოლმა უთხრა:
– ხედავ, როგორი სახიერია ღმერთი? იცოდე, რომ არ არსებობს არც ზეცაში და არც მიწაზე სხვა ღმერთი, არამედ მხოლოდ იგია ერთადერთი.
ამ ამბის შემდეგ ამ ქალის ქმარი ქრისტიანი გახდა…