მადლიერების სასწაული, აუცილებლად წაიკითხეთ 

გაუზიარე მეგობრებს

ერთი ახალგაზრდა პრობლემებმა დაამძიმა და მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან.

„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიხრჩობი… ლამისაა თავი მოვიკლა…“ — შესჩივლა მან მღვდელს.

მოძღვარმა გულისყურით მოისმინა სასოწარკვეთილის ჩივილი და ერთადერთი რამ ჰკითხა: „ამ ბოლო დროს რამე სასიხარულო თუ მომხდარა შენს ცხოვრებაშიო?“

„არაფერიო“, — უპასუხა კაცმა.

„მადლობელი თუ ყოფილხარო“, — კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.

„უბედური კაცი რისი მადლობელი უნდა იყოსო“, — თავი იმართლა კაცმა.

მოძღვარმა ილოცა სულიერი შვილისთვის. მერე გარეთ გაიყვანა, ტაძარს გარშემო შემოატარა. იქვე ერთი პატარა კენჭი იპოვა, მიაწოდა და უთხრა:

— ეს მადლმოსილი ქვაა, უბრალო არ გეგონოს, სულ თან უნდა ატარო და ყოველდღე, როცა სულ მცირე სიხარულს მაინც წააწყდები, ხელი მყარად მოუჭირე ამ კენჭს და მადლობა გადაუხადე უფალს.

— სიხარული სად ვიპოვო მამაო? — იკითხა გულმკვდარმა კაცმა.

— აქ რომ ამოხვედი, ჩემი დანახვა ხომ გაგეხარდა?

— დიახ, მამაო.

— ჰოდა აი, ამით დაიწყე, ახლავე მაგრად მოუჭირე ხელი მაგ ქვას და რა გულითაც გაგეხარდა ჩემი დანახვა, იმ გულით მადლობა გადაუხადე უფალს.

კაცმა შეასრულა მოძღვრის რჩევა, მაგრად მოუჭირა მუჭში მომწყვდეულ ქვას და „მადლობა უფალოო“ — ჩურჩულით წარმოსთქვა.

— ასე განაგრძე ამის შემდეგ — უთხრა მოძღვარმა — ნუ იქნები უმადური და თვალბინდიანი და თუ რამ სასიხარულო ნახო, ნუ დაგეზარება მადლობის თქმა. აქედან რომ მშვიდობიანად ჩახვალ სახლში, მადლობა თქვი; ბავშვი რომ შემოგეგებება ენის ტიკტიკით, გაიხარე და მადლობა თქვი; ვინმე რომ მადლობას გეტყვის სიკეთისთვის, ამაზეც ღმერთს ჰმადლობდე და თან ამ მადლმოსილ ქვას ნუ დაივიწყებ.

მორჩილად შეასრულა კაცმა მოძღვრის კურთხევა. ზურგი შეაქცია უსიამოვნო ფიქრებსა და გრძნობებს. მადლიერების ტალღაზე განაწყო თვისი გონება, სული და გული. ჩვევად ექცა სამადლობელო საქმის ძიება და მოხდა უცნაური რამ: თანდათან გამრავლდა ისეთი ფაქტები, ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც მართლა მოქონდა მეტი და მეტი სიხარული; იმ სიხარულისთვის მადლიერება კი ორმაგად და სამმაგად ზრდიდა სიხარულსაც და ამ სიხარულის მიზეზებსაც, ხოლო მადლიერების ქვაზე უმიზეზოდ შეხებაც კი მის ტვინს მადლობისთვის განაწყობდა.

ხოლო მისი გული მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს: სიხარულს, სიყვარულს და იმედს

❤️

2 thoughts on “მადლიერების სასწაული, აუცილებლად წაიკითხეთ 

  1. მიკვირს ,რომ მადლიერი არ იყო არავინ და არაფრის ..
    ჯერ სადღეგრძელოს,რომ შესვავ მადლობა უნდა მოიხადოს ადამიანმა როგორ დავიჯერო ერთხელ არავინ დალოცა?!

Comments are closed.

ზემოთ