7 მარტს ხორციელის კვირაა – ხსენება ქრისტეს მეორედ მოსვლისა

გაუზიარე მეგობრებს

7 მარტს ეკლესია აღნიშნავს ხსენებას მეორედ მოსვლისა – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენებას საშინელი სამსჯავროსი.

როგორც წმინდა მამები ამბობენ საშინელია სამსჯავრო იმიტომ, რომ სამართლიანია იგი.
არსებობს ორი: პირადი და საყოველთაო სამსჯავრო.

დიახ, ადამიანის ცხოვრება გამოცდაა და ყველაზე კარგად მას აბარებს ის, ვინც სიკეთეს სთესავს. არ უნდა გავიდეს არცერთი დღე, რომ სიკეთე არ გავაკეთოთ.

მეორედ მოსვლის დროს ანგელოზები, ღვთის ბრძანებით, კაცობრიობას მარჯვენა და მარცხენა მხარეს დააყენებენ. მარჯვენა მხარეს მყოფთ ისე ეტყვის უფალი:
მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მშიერი ვიყავ და მეცით მე ჭამადი, წყურიელ ვიყავ და მასუთ მე, სნეულ ვიყავ, საპყრობილეში ვიყავ და მომხედეთ მე. ისინი ჰკითხავენ: როდის გიხილეთ შენ უფალო ან მშიერი, ან მწყურვალი. და უფალი ეტყვის: რაც გაუკეთეთ ერთსა მცირეთაგანსა ჩემსა ის გამიკეთეთ მე. ე.ი. როცა ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, ადამიანს ვეხმარებით, ამას უფალი ღებულობს, როგორც დიდ შესაწირავს.
მარჯვენით მყოფნი არიან მკვიდრნი სასუფეველისანი.

ხოლო მარცხენით მყოფთა ეტყვის უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მომეცით მე საჭმელი, მე მწყუროდა და თქვენ არ მასვით მე“ – და ეს ხალხი განწირულია ტანჯვისა და ჯოჯოხეთისათვის.

ამიტომაც, ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მოვიხვეჭოთ ფული, სახლები, მანქანები, ქონება – ეს ყველაფერი აქ რჩება. ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიერი საუნჯე და უფალი ამბობს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ღმერთმა ინებოს, რომ სულიერი საუნჯე დავაგროვოთ. ღვთის მადლით, საქართველო სიკეთის გზაზე დგას და მომავალში ღვთის ლოცვა-კურთხევით, უფრო გაძლიერდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი და მთელი კაცობრიობა მარჯვენით დააყენოს უფალმა და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა!

ტროპარი –

– რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქვეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველნი დაბადებულნი; მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე, და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ, და დაფარულნი გამოსცხადნენ; მაშინ მიჴსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა, და ღირს-მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.

ზემოთ